დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ ტრასის განცხადებით, დასავლეთს პუტინის რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების საფასურის გადახდა მოუწევს, თუმცა ტრანსატლანტიკურ ლიდერებს შორის არსებობს თანხმობა იმის თაობაზე, რომ აუცილებელია რუსეთის შეჩერება. ამის შესახებ მან გაზეთ Express-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტრასი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი აცნობიერებს თანამედროვე რუსეთის საშიშროებას და მზად არის შეაჩეროს იგი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი უკრაინას არ დასჯერდება.
გარდა ამისა, ტრასი შიშობს, რომ რუსეთის დაუსჯელობა სხვა დიქტატორებს წაახალისებს ანალოგიური ნაბიჯების გადადგმისკენ.
"ეს არ არის მხოლოდ ევროპის უსაფრთხოება. რა იქნება ჩვენი სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსთვის (თუ ჩვენ არ დავამარცხებთ პუტინს უკრაინაში)? თუ პუტინი არ წააგებს, ეს წაახალისებს სხვა აგრესორებს მთელს მსოფლიოში", - დასძინა მან.
ბრიტანელი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ პუტინი დამარცხდება.
"ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ მას არ შეუძლია წარმატებას მიაღწიოს უკრაინაში. ადამიანური დანაკარგი კატასტროფულია, ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა", - თქვა მან.
ამავე დროს, ლიზ ტრასმა მოუწოდა რიგით მოქალაქეებს, რომ გაგებით მოეკიდონ იმ პრობლემებს, რაც შესაძლოა შეექმნათ. ტრასის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის იმპორტის სავარაუდო აკრძალვა, გააძვირებს საწვავის ღირებულებას ბრიტანეთში, მაგრამ "ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ".
"თუ ის არ შეჩერდება [პუტინი], შედეგები კატასტროფული იქნება", - დასძინა ტრასმა.