უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინაში მტრის ჯარების სამხედრო რესურსები იწურება, რის შემდეგაც ლოგისტიკური კოლაფსი გარდაუვალი იქნება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„უკრაინაში მტრის სამხედრო რესურსი იწურება და შემდეგ ლოგისტიკური კოლაფსი იქნება. ამის გაცნობიერებით კი, მტრის დანებების ტენდენცია იზრდება, არა მხოლოდ თითოეული ჯარისკაცების, არამედ ოცეულების დონეზე. მათ უკვე ესმით, რომ მათი ათასობით თანამებრძოლის ცხედარი, რომლებმაც „გამოცდებზე 200 ქულა მიიღეს“, უკრაინის მიწაზე დარჩა. მოსკოვი ხომ არ აღიარებს მათ სიკვდილს, პუტინისთვის, ისინი საზარბაზნე ხორცია, მასალა, მისი იმპერიული ოცნების მისაღწევად. ბევრმა უკვე გაიგო, რომ მათ უღალატეს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
მისი თქმით, ოკუპანტებისთვის ერთადერთი გზა სიცოცხლის გადასარჩენად არის დანებება.
"ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და ოკუპანტებს აქ არ მიესალმებიან! ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ერთად გამარჯვებამდე!" - წერს რეზნიკოვი.