საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე დამონტაჟებულია, ეკრანი საიდანაც რამდენიმე წუთში მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს.
უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებულ საქართველოს მოქალაქეებს, ევროპარლამენტარმა რასა უკნევიჩიენემ მიმართა.
"საქართველოს ხალხი მხარს უჭერს უკრაინელებს და ეს მხარდაჭერა მათი საკუთარი მომავლის მხარდაჭერაც არის. ეს მიმართულია ქვეყნის გაერთიანებისაკენ და თქვენი ევროპული ცხოვრებისაკენ. ეს არის რუსეთის დასასრულის დასაწყისი. როდესაც ეს დასასრული მოვა, ვფიქრობ რომ ეს მალე მოხდება, მე ვიცი, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს დასასრული დავაჩქაროთ.
მსურს მივმართო რუსეთს, თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ კრიმინალი პუტინის მიერ დაწყებული ომი. მე მესმის, რომ თქვენ თვითონაც მოწამლული ხართ ტყუილით, ზოგი თქვენგანი ციხეშიც კი მოხვდა, შემოგვიერთდით, უკრაინელები თქვენს გამოც იღუპებიან.
აუცილებელია იმ სამხედრო დამნაშავის იზოლირება, რომელსაც ხელში ატომური იარაღის ღილაკი აქვს. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი, ეს ევროპული სახელმიწოფებია", თქვა იუკნევიჩიენემ ვიდეომიმართვაში.
საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი აქციები რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან იმართება თბილისსა და სხვადასხვა ქალაქში.
მე-9 დღეა უკრაინაში ომი მძვინვარებს. უკრაინელი მებრძოლები და რიგითი მოქალაქეები მტერს მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ. რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში 24 თებერვალს, პუტინის განკარგულებით შეიჭრნენ.