უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ალიანსის ქვეყნებს მოუწოდა იმოქმედონ, სანამ გვიან არ არის და არ მისცენ პუტინს უკრაინის სირიად გადაქცევის უფლება.
დმიტრო კულებას მიმართვა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.
"მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ, მაგრამ ეს ომია. ომში ყველაფერი შესაძლებელი უნდა გაკეთდეს იმ მომენტამდე, როცა ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, რუსეთი მსგავსი ტაქტიკის გამოყენებით "ცდილობს უკრაინა სირიად გადააქციოს".
"ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, შექმნან სირია ევროპაში. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ და გავაგრძელებთ ბრძოლას, მაგრამ დაგვეხმარეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, თქვენ იძულებული იქნებით გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლესა და ტანჯვაზე, რომლებიც იღუპებიან დაუნდობელი რუსი მფრინავების მიერ ბომბების ჩამოყრის გამო“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მინისტრმა ნატოს ქვეყნებს მოუწოდა იმოქმედონ მანამ, სანამ ვლადიმერ პუტინი თავს დაესხმება უკრაინის დასავლეთით მდებარე სახელმწიფოებს.
"დარწმუნებული ვარ, ეს ომი ისე ვითარდება, რომ დადგება დრო, როდესაც მზად იქნებით, მოგვცეთ ყველაფერი, რაც დაგვჭირდება იმისათვის, რომ პუტინმა თქვენ არ დაგარტყათ და ევროპა კოშმარად არ აქციოს. ჩემი ერთადერთი იმედი ის არის, რომ გვიანი არ იქნება", - განაცხადა დიმიტრი კულებამ.
შეგახსენებთ, 4 მარტს ბრიუსელში ნატოს საგანგებო სხდომაზე იმსჯელეს უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების თაობაზე, თუმცა მოკავშირეები ამ ნაბიჯის გადადგმას არ დაეთანხმნენ.
ამასთან, სტოლტენბერგმა უკრაინაში შემდგომი ესკალაცია იწინასწარმეტყველა და განაცხადა, რომ უახლოესი დღეები უარესი იქნება.