ბრიუსელში დასრულდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო შეხვედრა, რომელსაც ნატო-ს მოკავშირეთა საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, ფინეთისა და შვედეთის პირველი დიპლომატებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს მიეძღვნა, თუმცა როგორც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, მოკავშირეებმა ასევე იმსჯელეს ნატოს პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის გაძლიერების საკითხზეც.
ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, კონკრეტულად, რა ზომებს განიხილავს ნატო საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარდასაჭერად, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებმა გადაწყვტიეს, უფრო მეტი გააკეთონ ამ ქვეყნებთან ერთად, მათი თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად.
"ნატო მხარდაჭერას უწევს საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და სხვა პარტნიორებს მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, რეფორმებში მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებაში. ჩვენ ასევე გვაქვს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში. გვაქვს საერთო სწავლებები და სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან. ჩვენ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებები არ მიგვიღია, ეს არის ფართო შეთანხმება, რომ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ამ ქვეყნების დასაცავად. ეს იმის ნაწილია, რომ გავაფართოოთ ის, რასაც ჩვენ უკვე ვაკეთებთ მათი თავდაცვითი და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებით, რეფორმებით, წვრთნებით. ასევე, პოტენციურად მეტი აქტივობების დამატებით ამ ქვეყნების მხარდასაჭერად, რადგან როგორც იხილეთ უკრაინის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა, იყვნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ინტერვენციის, ძირგამომთხრელი საქმიანობისა და პოტენციურად თავდასხმების რისკის წინაშე", - განაცხადა სტოლტენბერგმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით.