ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა იმართება. საბჭოს სხდომაზე, სადაც უკრაინაში გაჩაღებული ომის შესახებ იმსჯელებენ, ასევე მოწვეულები არიან ევროკავშირის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლები.
სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული, წინასწარ განზრახული აგრესიის კვალდაკვალ, ალიანსი გაერთიანდა სწრაფად, ერთიანად, გადამწყვეტად. დაუყოვნებლივ წამოიწყო სწრაფი რეაგირების ძალების გააქტიურება და აამოქმედა ალიანსის უსაფრთხოების დაცვის ეტაპობრივი გეგმები. "ყველა მოკავშირე ამა თუ იმ გზით ახერხებს უკრაინის დახმარებას, ყველა მოკავშირე ამა თუ იმ გზით ეხმარება ნატოს გაძლიერებას", - თქვა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ნატოს არ სურს კონფლიქტს, მაგრამ თუ კონფლიქტი თავად მივა ნატოსთან, ალიანსი მზად დახვდება.
"ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი, მაგრამ თუ კონფლიქტი თავად მოვა ჩვენამდე, მზად ვართ მისთვის და დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმასაც გამოეხმაურა.
"ეს ქმედება ცხადჰყოფს ამ ომის უგუნურებას, მისი დაუყოვნებლივ შეწყვეტის, რუსეთის ჯარების გაყვანის და დიპლომატიურ ძალისხმევაში რუსეთის კეთილსინდისიერად ჩართვის მნიშვნელობას", - დასძინა ბლინკენმა.