რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ და უცხოურ მედიას განუცხადა, რომ ხარკოვში რუსი სამხედროები არ იმყოფებიან.
მან თქვა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და შეშფოთება გამოთქვა ხარკოვში ინდოელი სტუდენტის დაღუპვის გამო.
"ხარკოვში რუსი სამხედროები არ არიან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ვითარებას, როცა ხარკოვის ვაგზალზე არ უშვებენ უცხოელებს, რომლებსაც წასვლა უნდათ, მათ შორის რუსეთშიც. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს სტუდენტები", - თქვა ოკუპანტმა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინის ქალაქებს არ ბომბავენ და მხოლოდ წერტილოვანი დარტყმებით მწყობრიდან გამოჰყავთ სამხედრო ინფრასტრუქტურა.
ლავრვოვის განცხადების საპირისპიროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალები რამდენიმე დღეა ხარკოვზე ინტენსიურ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ. სამხედრო ინფრასტრუქტურის გარდა, რუსეთს მიზანში აქვს ამოღებული სამოქალაქო ობიექტები და საცხოვრებელი რაიონები.
რუსეთის სარაკეტო იერიშების შედეგად, დაიწვა ხარკოვის უნივერისტეტისა და სამხედრო პოლიციის შენობა.
ხარკოვის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმას ხარკოვში 34 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
მძლავრი სარაკეტო იერიშები ხარკოვზე რუსეთის ძალებმა 1-ელ მარტსაც განახორციელეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხარკოვზე თავდასხმას სამხედრო დანაშაული უწოდა.