ადგილობრივი დროით, დილის 8 საათზე, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა.
რუსულმა არტილერიამ თავისუფლების მოედანზე ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობას დაარტყა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი ადგილებიც.
ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ქალაქს საკრუიზო რაკეტებით დაესხა თავს. მისივე თქმით, ხარკოვის დაცვა გრძელდება.
"ასეთი თავდასხმა არის უკრაინელი ხალხის გენოციდი, ომის დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ", - თქვა მან.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ხარკოვზე რუსეთის თავდასხმას ბარბაროსული აქტი უწოდა და ვლადიმერ პუტინი ომის დანაშაულის წარმოებაში დაადანაშაულა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს "მეტი გააკეთონ" ზეწოლის გაზრდისა და "რუსეთის სრული იზოლაციისთვის".
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვში რუსეთის თავდასხმას 9 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 3 ბავშვი ემსხვერპლა.
"ეს აშკარად ომის დანაშაულია. რუსეთმა მიზანში ამოიღო მშვიდობიანი ქალაქი, მშვიდობიანი საცხოვრებელი რაიონები, არანაირი სამხედრო ინფრასტრუქტურა. ათობით თვითმხილველი ადასტურებს, რომ რუსეთმა განზრახ გაანადგურა მშვიდობიანი მოქალაქეები. რუსებმა იცოდნენ ვის და რას ესროდნენ", - თქვა ზელენსკიმ.
ამავდროულად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ სურს დაიწყოს გამოძიება რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც არსებობს "გონივრული საფუძველი" იმის დასაჯერებლად, რომ უკრაინაში ჩადენილია ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.