ვულოცავ ქართველ ხალხს, მისმა ბრძოლამ, მისმა დგომამ, მისმა შემართებამ და თავისუფლების წყურვილმა შედეგი გამოიღო – საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა, მივმართო დასავლურ სამყაროს, ჩვენ ვეთანხმებით ზელენსკის, დიახ, ჩვენ შეიძლება არ გვყავს ღირსეული მთავრობა მაგრამ ვართ ღირსეული, მებრძოლი ერი. შეიძლება ჩვენი მთავრობა არ იმსახურებს თქვენს ლოიალურ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ, ქართველი ხალხი ვიმსახურებთ ამას – ამიტომ ვთხოვთ სრულაიდ ევროპას, მიიღოთ ეს განაცხადი, საქართველოს ადგილი ევროპაშია. საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ „ქართული ოცნების“ ადგილი არ არის ხელისუფლებაში.
მაშინ, როდესაც ერთიანი თავისუფალი სამყარო უმაგალითო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მაშინ, როდესაც ევროპის პარლამენტი ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავს უკრაინის მებრძოლ პრეზიდენტს, მაშინ, როდესაც მომსწრენი ვართ მსოფლიო საზოგადოების არნახული კონსოლიდაციის და სოლიდარობისა უკრაინის მიმართ. საქართველოს მთავრობა რუსეთის, ბელარუსის და ყირგიზეთის კვალად საჯაროდ ესხმის თავს პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელ ხალხს“,- განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ასევე თავს ესხმის უკრაინის მთავარ მომლაპარაკებელს და აფხაზეთიდან დევნილ დევნილ არახამიას და რუსეთის მსგავსად კრიმინალს უწოდებს. ეს არის პირდაპირი თავდასხმა უკრაინაზე რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ და მსგავსი რიტორიკა არის არსობრივად ანტიევროპული.
დღეს გავიგეთ რომ თურმე „ზოგიერთ ძალებს“ უნდათ საქართველოს ომში და სანქციებში ჩართვა! – ამით შეეცადა თავის ხელისუფლების მხდალი და არაკაცური, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა ამორალური პოზიციის გამართლება.
ამაზრზენი იყო საყვედურები, რომ ზელენსკის მაგალითად ბელორუსიიდან არ გამოუწვევია ელჩი. არც მიკვირს – კობახიძეს და მისნაირებს ჰგონიათ, რომ საქართველოსგან იგივეს მოელიან ჩვენი მეგობრები რასაც ლუკაშენკოს რეჟიმისგან.
ტყუილია, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა და სწორედ იმიტომ, რომ არ გვინდა, უნდა ვიყოთ დასავლეთის და ცივილიზებული სამყაროს გვერდით, პოლიტიკურ და დიპლომატიურ ასპარეზზე და არა რუსეთის მაჩანჩალა დანამატი – მიტოვებული და განწირული.
კიდევ ერთხელ მივმართავ სრულაიდ ევროპას, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არ გვყავს ღირსეული მთავრობა, ჩვენ ვართ დიდი და ღირსეული ერი, ამიტომ მიიღეთ ქართველი ერის ბრძოლის შედეგად მოპოვებული ეს განაცხადი, ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ნიკა მელიამ.