რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აღიარებს, რომ რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის სანქციების გამო, სერიოზულ დარტყმებს განიცდის. ამის შესახებ პესკოვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
"რუსეთს ეკონომიკა ახლა სერიოზული ზეწოლის ქვეშაა, ეს სერიოზული დარტყმაა, თუმცა არსებობს პოტენციალი, გვაქვს გეგმები. მიმდინარეობს ენერგიული სამუშაოები, ჩვენ ფეხზე დავდგებით", - თქვა პესკოვმა სააგენტო "ტასის" ცნობით.
პესკოვის განცხადებით, დასავლეთის სანქციები გამოხატავს "მტრულ ქმედებებს", რომლებიც მიზნად ისახავენ, შეარყიონ და ძირი გამოუთხარონ რუსეთის ეკონომიკის მთლიანობას.
"ასეთ პირობებში მიღებული იქნება ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს რისკებისა და შედეგების მინიმიზაციას და დაგვაზღვევს ეკონომიკური რყევებისგან", - თქვა პესკოვმა.
მისივე თქმით, ვინაიდან ეს "არამეგობრული ზომები" უპრეცედენტოა, "ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მკაცრად, გააზრებულად და მკაფიოდ".
მანამდე, რუსეთის ვიცე-პრემიერმა იური ბორისოვმა განაცხადა, რომ "რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მიმდინარე სანქციების სრული მასშტაბისა და სიღრმის პროგნოზირება რთული იყო", მაგრამ ხელისუფლება მუშაობს სხვადასხვა მექანიზმებზე ინდუსტრიის მხარდასაჭერად და "პანიკას არ არის მიცემული".
რუსეთის ეკონომიკა რომ უპრეცედენტო წნეხის ქვეშაა, ამას რუსული რუბლის კურსიც ადასტურებს. დღეს, მოსკოვის ბირჟაზე უცხოური ვალუტის ღირებულებამ ისტორიული ნიშნული დააფიქსირა, ერთი დოლარის ღირებულებამ 110 რუბლს, ხოლო ევროს - 122 რუბლს გადააჭარბა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესა.