შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კონგრესში ყოველწლიური მიმართვის უდიდეს ნაწილი უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და მის შედგებზე საუბარს დაუთმო.
პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაცრად დაგმო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის გამო და მას "რუსი დიქტატორი" უწოდა.
ბაიდენის თქმით, პუტინი ცდილობდა "თავისუფალი სამყაროს საფუძვლების შერყევას", მაგრამ "ბევრი რამ ძალიან არასწორად გამოთვალა".
ბაიდენის თქმით, პუტინმა ომი "განზრახ და უმიზეზოდ" დაიწყო, მან გადაწყვიტა უარი ეთქვა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მცდელობებზე.
"ომის მსვლელობისას წარმატების მიღწევაც რომ მოახერხოს, გრძელვადიან პერსპექტივაში ამისთვის დიდი საფასურის გადახდა მოუწევს", - დასძინა პრეზიდენტმა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, პუტინს "ეგონა, რომ მსოფლიო უკან დაიხევდა, როცა უკრაინას თავს დაესხმებოდა", მაგრამ სამაგიეროდ შეეჯახა "ძალის კედელს, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდა", ის შეეჯახა უკრაინელი ხალხის მედგარ წინააღმდეგობას.
"თუ დიქტატორები არ შეჩერდებიან, ისინი კიდევ უფრო მეტ ქაოსს შექმნიან", - განაცხადა ბაიდენმა. სწორედ ამ მიზეზით შეიქმნა ნატო. მისი თქმით, პუტინი "ფიქრობდა, რომ შეეძლო დასავლეთში განხეთქილება გამოეწვია და ნატო ამაზე რეაგირებას არ მოახდენდა". "პუტინი შეცდა", - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, დემოკრატიებსა და ავტოკრატიებს შორის დაპირისპირებისას, "მსოფლიო აკეთებს ცალსახად არჩევანს მშვიდობისა და უსაფრთხოების სასარგებლოდ".
ბაიდენმა შეაქო უკრაინელებისა და მათი პრეზიდენტის გამბედაობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის აგრესიას.
მისი თქმით, პუტინი ვერასოდეს შეძლებს უკრაინელი ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას. "პუტინს შეუძლია ტანკებით ალყა შემოარტყას კიევს, მაგრამ ის ვერასოდეს მოიგებს უკრაინელების გულებსა და სულებს", - თქვა მან. ბაიდენის თქმით, რუსი დიქტატორი ვერასოდეს შეძლებს უკრაინელების თავისუფლების მიმართ სიყვარულის მოსპობას.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, პუტინი "იზოლირებულია მსოფლიოსგან ისე, როგორც არასდროს" და რუსეთის ეკონომიკამ უკვე იგრძნო მათი ეფექტი.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ შეუერთდება მოკავშირეებს და დახურავს საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის, რაც კიდევ უფრო დაასუსტებს რუსეთს.
მან ასევე გამოაცხადა თავისი განზრახვა, შეზღუდოს რუსეთის ხელმისაწვდომობა ტექნოლოგიებზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეასუსტებს რუსეთის სამხედრო ძალებს.
"როდესაც დაიწერება ამ ეპოქის ისტორია, პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასუსტებულ რუსეთს დატოვებს და დანარჩენ მსოფლიოს გააძლიერებს", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თავისუფლება ყოველთვის იმარჯვებს ტირანიაზე.