აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ რუსულ თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. ამის შესახებ მან კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ყველა რუსული რეისისთვის ამერიკული საჰაერო სივრცის დახურვით, რათა გავაძლიეროთ რუსეთის იზოლაცია და დამატებითი დარტყმა მივაყენოთ მათ ეკონომიკას“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, პუტინი ახლა იზოლირებულია მსოფლიოსგან ისე, როგორც არასდროს.
„თვეების განმავლობაში ვაყალიბებდით კოალიციას თავისუფლების მოყვარე ქვეყნებისგან ევროპასა და ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში პუტინის წინააღმდეგ. ბევრი თქვენგანის მსგავსად, უამრავი საათი გავატარე ჩვენი ევროპელი მოკავშირეების გაერთიანებაში. გავუზიარეთ მსოფლიოს წინაწარ ის, რაც ვიცოდით პუტინის გეგმების შესახებ, თუ როგორ შეეცდებოდა ის თავისი აგრესიის გაყალბებასა და გამართლებას. რუსეთის ტყუილს სიმართლე დავუპირისპირეთ და ახლა თავისუფალი მსოფლიო მას პასუხს აგებინებს.
ევროკავშირის 27 წევრთან ერთად, ასევე დიდ ბრიტანეთთან, კანადასთან, იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან, ასევე შვეიცარიასთან ერთად, ჩვენ ტკივილს ვაყენებთ რუსეთს და მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. პუტინი ახლა იზოლირებულია მსოფლიოსგან ისე, როგორც არასდროს. ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ჩვენ ვაწესებთ ძლიერ ეკონომიკურ სანქციებს“, – განაცხადა ბაიდენმა.