კანადამ რუსულ ხომალდებს თავის ტერიტორიულ წყლებსა და პორტებში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ კანადის ტრანსპორტის მინისტრმა ომარ ალგაბრამ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, რუსეთია პასუხისმგებელი უკრაინაში აგრესიაზე და კანადა გააგრძელებს სადამსჯელო ქმედებებს.
"რუსეთმა უნდა აგოს პასუხი უკრაინაში შეჭრისთვის. დღეს ჩვენ ვიღებთ ნაბიჯებს კანადის წყლებისა და პორტების დახურვის მიზნით რუსეთის საკუთრებაში არსებული და რუსეთში რეგისტრირებული გემებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას უკრაინის მხარდასაჭერად", - თქვა მინისტრმა Twitter-ზე.
აკრძალვა ძალაში სავარაუდოდ ამ კვირის ბოლოდან შევა.
კანადამ უკვე დახურა თავისი საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის და უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და რაკეტებს უგზავნის. კანადამ ასევე აკრძალა ნედლი ნავთობის იმპორტი რუსეთიდან.
ცოტა ხნით ადრე, ლონდონმა ბრიტანეთის პორტებში რუსული გემების შესვლა აკრძალა.