ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
"ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მომეცა საშუალება, შევხვდე ჯერ ურსულა ფონ დერ ლაიენს და შემდეგ შარლ მიშელს. ორივესთან მქონდა ძალიან მეგობრული საუბარი. მინდოდა იმის მოსმენა, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის ყურადღების ცენტრში არის უკრაინა და უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები, და სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ამ დროს საქართველოს მდგომარეობა არაა მივიწყებული. ჩვენ აქა ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგძრელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ, რომ ყველაფერი, ის ზომები მივიღოთ და ის რეფორმები, რაც აუცილებელია. ჩვენი და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალს ახალი გარემოებები ახალ პერსპექტივებს მისცემს, მაგრამ ამისთვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ევროპაში. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.