პუტინი უკვე დაეცა, რადგან მან დასაბამი მისცა ძლევამოსილ ევროპას და თავდაცვის ევროპას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რადიო France Inter-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, აშკარაა, რომ პუტინი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს უკრაინაში.
"უკრაინა არ დაეცემა! ვფიქრობ, რასაც დღეს ვხედავთ არის ის, რომ უკრაინა გაძლებს და გაძლებს როგორც სახელმწიფო, როგორიც არ უნდა იყოს ომი, როგორიც არ უნდა იყოს მოლაპარაკებების შედეგი, რომელიც დღეს იწყება და რომელიც უდავოდ მხოლოდ პირველი თავი იქნება.
ის, რაც რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ომითაც უნდა ესწავლა, ისაა რომ, საქართველო არამარტო არ გაქრა როგორც სახელმწიფო, არამედ მას არ შეუცვლია ორიენტაცია ომის შემდეგ. მან დაკარგა თავისი ტერიტორიების 20%. ეს არის ყოველდღიური ტრაგედია, ეს არის ყოველდღიური ზეწოლა საოკუპაციო ხაზზე, რადგან გვყავს მძევლები, რომლებსაც ხშირად იტაცებენ და გვაქვს სისტემატური ზეწოლა ბორდერიზაციით - ,,საზღვარი", რომელიც საზღვარი არ არის და რომელიც მუდმივად იცვლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ შეაჩერა თავის ევროპულ, ევროატლანტიკურ გზაზე სვლა, ეკონომიკური ზრდა, დემოკრატიზაცია. ეს მსვლელობა გრძელდება და გაგრძელდება.
მე არ ვშიშობ, რომ პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს უკრაინაში, უკვე აშკარაა, რომ მისმა ოპერაციამ წარმატებას ვერ მიაღწია, უდავოდ იქნება მოლაპარაკებები და უდავოდ კომპრომისები ორივე მხრიდან. თუმცა პუტინი უკვე დაეცა, რადგან მან დასაბამი მისცა ძლევამოსილ ევროპას და თავდაცვის ევროპას. ის ამას არ ელოდა და ეს არის უკრაინაში მის შეჭრაზე რეალური პასუხი", - განაცხადა პრეზიდენტმა.