რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან უკრაინელებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და განმარტა, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო სანქციებს, რომლებიც მსოფლიო ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს.
„სანქციები არის ის უმწვავესი ზომა, რომელსაც იყენებს მსოფლიო თანამეგობრობა და მათი დანიშნულება არის, რომ ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი. საქართველო უკან არასდროს არ იხევს ძალიან მკაფიო, მკაცრი ზომებისგან. 2014 წელს, როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი, საქართველო შეუერთდა სანქციებს, რომელიც ყირიმთან მიმართებით დაწესდა, თუმცა როცა საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზე, პრემიერმა განმარტა, თუ რა საფრთხეებს ვხედავთ ჩვენ და ამაზე ვესაუბრებით ევროპელ კოლეგებს. როგორ გგონიათ არ ვესაუბრებით? ეს სიფრთხილე პრემიერის პასუხისმგებლობიდან მოდის. სწორედ იმ პასუხისმგებლობიდან, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე აქვს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა
მისი თქმით, არც პირადად ის და არც პრემიერ-მინისტრი არავისზე ნაკლები პატრიოტები არ არიან. აქვე ზალკალიანმა თქვა, რომ გუშინ პრემიერმა ოლივერ ვარჰეისთან (ევროკომისარი) სატელეფონო საუბრისას სწორედ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა.
„ჩვენ ჩვენი ცხოვრებით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება იმ აგრესიის წინააღმდეგ, რასაც რუსეთი ახორციელებს. პასუხისმგებლიანი მთავრობა სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს? აქვს დგანან, მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია, რაც უკრაინასთან დაკავშირებით განახორციელეს. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი, რამდენიმე წუთი დასჭირდებათ, რომ მთლიანად საქართველო დააყენონ თავდაყირა. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია რას აპირებენ და როგორ? ბორელის განცხადება იყო გუშინ, შესაძლოა შემდეგი საქართველო იყოსო. არ მინდა ვიხილო რუსული ტანკები მომავალი თბილისის მიმართულებით, არ მინდა ვიხილო დედაქალაქის და აეროპორტების დაბომბვა. არავის ვაშინებ, მაგრამ უმძიმესი სიტუაციაა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.