სააკაშვილი, ომის შემდეგ, შესანიშნავად გრძნობდა თავს. მას არავითარი დისკომფორტი არ შექმნია. ომის დროს საკუთარ დედას გადაუფორმა ქონება და დედამისის ქონება დღეის შეფასებით 120 მილიონს შეადგენს. ამაზეა მეგობრებო საუბარი, როდესაც ასეთ ფარისევლობასთან და ტყუილთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება სიმართლის დაპირისპირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკოსები ომის დროსვე გაიქცნენ და მიატოვეს ქვეყანა.
„საბოლოო ჯამში, ვიცით, რომ ომში ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა იომეს, თავი გასწირეს. პოლიტიკოსები, როგორც აღვნიშნე, ომის დროსვე გაიქცნენ, მიატოვეს ქვეყანა, შემდეგ ჯარი, შემდეგ პატრიარქი რომ არ შესულიყო, ჩვენი გმირი ჯარისკაცების პატიოსანი ცხედრები ვერ გამოიტანეს მათ. ეს რეალობა იყო სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, თუ რაიმეს ვამატებ, გთხოვთ, მითხარით.
ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, რომ ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან კარგად გააზრება, იმ რისკებსა და საფრთხეებს, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს. ომის შემდეგ, მე მინდა ყველას შევახსენო, რომ კაპიტულანტურად მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ რეზოლუციას და ისევ ვის დააბრალეს, ვინ დაადანაშაულეს, ქართველი სამხედროები, სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. წარმოუდგენელი ღალატი. კაცმა თავისი უგუნურებით, თავისი სისულელით, პირდაპირ უნდა ითქვას, თავიდან ვერ აარიდა ქვეყანას ეს უბედურება, ნგრევა და შემდეგ კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერინა ხელი საკუთარ მთავრობას. ეს ხალხი იბრძვის დღესაც ამ უბედურების გამეორებისთვის, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მათ მკაფიოდ, მათ ერთხელ დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას ჩვენ მათ არ მივცემთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.