ევროკავშირი უკრაინას 450 მილიონი ევროს ღირებულების ლეტალურ იარაღს მიაწვდის, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის აგრესიას. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთოხების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, 450 მილიონი ევრო გამოვყოთ უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მისაწოდებლად, დამატებით 50 მილიონ ევროს გამოვყოფთ არალეტალური საშუალებებისთვის, რაც არის საწვავი, დამცავი აღჭურვილობა. ჩვენ ამას ისტორიაში პირველად ვაკეთებთ. ყველა ქვეყანა დათანხმდა ამ გადაწყვეტილებას, ან ყოველ შემთხვევაში არ გაუპროტესტებია ის", - თქვა ბორელმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა პოლონეთს, რომელიც დათანხმდა, გახდეს სატრანსპორტო კვანძი ამ დახმარების უკრაინაში გასაგზავნად.
ბორელის განცხადებით, ხვალ ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან და განიხილავენ, 450 მილიონი ევრო როგორ აქციონ კონკრეტულ დახმარებად და როგორ მიიტანონ ის ფრონტის ხაზზე, სადაც უკრაინელები მტკიცე წინააღმდეგობას უწევენ რუსეთს.
როგორც წესი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიიღება, მაგრამ ისინი თანხმდებიან საერთო პოზიციაზე, რაც ორშაბათს უკვე ოფიციალურად დამტკიცდება.