გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, ის მხარს დაუჭერს ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომლებიც ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, რომ უკრაინაში გაემგზავრონ და შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას.
ლიზ ტრასმა უკრაინაში მიმდინარე ომი აღწერა როგორც ბრძოლა ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და დასძინა, რომ მხარს დაუჭერს ბრიტანელებს, ვინც ამ ბრძოლაში ჩაერთვება.
"უკრაინელი ხალხი იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. და თუ ბრიტანელებს სურთ, რომ უკრაინელებს დაეხმარონ ამ ბრძოლაში, მე აბსოლუტურად მხარს დავუჭერ მათ ამის გაკეთებაში", - თქვა ტრასმა BBC-ის ეთერში.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს [ბრიტანელების უკრაინელებისადმი] დახმარება იარაღის ხელში აღებას, ტრასმა უპასუხა: "რასაკვირველია, თუ ეს არის ის, რისი გაკეთებაც მათ სურთ".
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა "საგარეო ლეგიონის" შექმნის შესახებ განაცხადა და უცხოელ მებრძოლებს მოუწოდა, უკრაინელებს რუსეთთან ბრძოლაში შეუერთდნენ.