ბევრი შეცდომა დაგვიშვია და კიდევ ბევრს დავუშვებთ ქვეყნის მშენებლობის გზაზე, მაგრამ ლაჩრების სახელი არასდროს გვიტარებია, წერს სოციალურ ქსელში სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. მისი განმარტებით, რასაც ქართული ოცნება აკეთებს არის ისტორიული სირცხვილი, რომლის დაწერის უფლება, არათუ ხელისუფლებას, არც ერთ თაობას არ აქვს.
"ჩვენი ქვეყნის მთავარი მეგობარი, რომელიც ყველაზე რთულ დროს დაუფიქრებლად გვეხმარებოდა, ბოროტების იმპერიის არნახულ აგრესიას უმკლავდება.
გმირულად იბრძვის კაცი და ქალი, ყველა ქალაქი და დაბა. მთელი ცივილიზებული მსოფლიო ეხმარება, ჩვენი ქვეყნის დიდ ნაწილი ღამეების ათენებს დამაიმედებლი ამბების ძიებაში.
ამ დროს, ოლიგარქატის მსახური “მაღალი თანამდებობის პირები” საკუთარი ფინანსური ინტერესების და მოჩვენებითი უსაფრთხოების დაცვას, გვიფუთავენ როგორც “პრაგმატულ პოლიტიკას” და ისტორიული სირცხვილს ფურცელს წერენ ქართველი ხალხის სახელით.
თურმე “ხორბალს ვყიდულობთ”” რუსებისგან”, “თურმე დენს ვყიდულობთ”, “თურმე გაზს ვყიდულობთ”, “თურმე ვაშლს ვყიდით” და ა.შ.
ბევრი შეცდომა დაგვიშვია და კიდევ ბევრს დავუშვებთ ქვეყნის მშნებლობის გზაზე, მაგრამ ლაჩრების სახელი არასდროს გვიტარებია.
რასაც ქართული ოცნება აკეთებს, სამარცხვინო განცხადებებით, სამარცხვინო დუმილით, “მილიონი ლარის დახმარებით” და “აბა ომი გინდათ” დემაგოგიით არის ისტორიული სირცხვილი, რომლის დაწერის უფლება, არათუ ხელისუფლებას, არც ერთ თაობას არ აქვს.
ბოდიში თუ პათეტიკურად ჟღერს, უბრალოდ თავიდან არ ამომდის, ვუყურებ კადრებს უკრაინიდან და ვერ ვირეცხავ ამ სირცხვილის გრძნობას.
პ.ს. მხოლოდ ხალხმრავალი მხარდამჭერი დემონსტრაციები და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონი არის დღეს საქართველოს სინდისი", წერს სოციალურ ქსელში გიორგი ქადაგიძე.