საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება.
უკრაინის ელჩი საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკრაინელი ხალხისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ინფორმაცია მას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მიაწოდეს.
ელჩმა საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
უკრაინაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთში ათასობით პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, 30 -ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და ჟანგბადის კონცენტრატორები შედის.
საქართველოს მთავრობის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვის პროცესში რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ და კლინიკამ სურვილი გამოთქვა, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცათ.
საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ვარშავის გავლით ხვალ მიიღებს.