რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა უკრაინაში შეჭრის გამო ანტირუსულ სანქციებსა და აკრძალვებზე ისაუბრა.
მედვედევმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს "შესანიშნავი აკრძალვები" უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი არაფერს შეცვლიან, მათ შორის, რუსეთს ხელს ვერ ააღებინებენ უკრაინაში სამხედრო ოპერაციაზე.
"ეს განხორციელდება სრულად მანამ, სანამ არ მიიღწევა ყველა ის შედეგი, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა. არც მეტი და არც ნაკლები. როგორც, სხვათა შორის, 2008 წელს", - წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.
მედვედევი ევროპის საბჭოსი რუსეთის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეჩერებასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა, რათა ქვეყანაში აღდგეს სიკვდილით დასჯა.
"ახლა ყველგან გვდევნიან, გვსჯიან, მაგრამ არ გვეშინია. ევროპის საბჭომ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეაჩერა რუსეთის წევრობა. ველური უსამართლობა. თუმცა ეს კარგი მიზეზია იმისათვის, რომ ქვეყანამ კარი გაიჯახუნოს და სამუდამოდ დაივიწყის ისინი. მეტიც, ეს ასევე კარგი შესაძლებლობაა რუსეთისთვის, აღადგინოს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ქვეყანაში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების აღსაკვეთად. ისევე როგორც სიკვდილით დასჯა ყველაზე საშიში დამნაშავეებისთვის, რომელიც, სხვათა შორის, აქტიურად გამოიყენება შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში", - აცხადებს მედვედევი.