ორი ათასზე მეტი რუსი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, არქიტექტორი, მუსიკოსი და პროდიუსერი ხელს აწერს ღია წერილს, სადაც ისინი უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდიან. იტყობინება დამოუკიდებელი რუსული მედია "მედუზა".
"ჩვენ, მხატვრები, არქიტექტორები, კრიტიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, ხელოვნების მენეჯერები - რუსეთის ფედერაციის კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები - გამოვხატავთ ჩვენს აბსოლუტურ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ და მტკიცედ ვამბობთ "არა ომს!".
ჩვენ მოვითხოვთ ყველა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას და სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას", - აცხადებენ წერილზე ხელმომწერები.
წერილში ნათქვამია, რომ 24 თებერვალს რუსეთმა "დაიწყო უეცარი, აგრესიული და ღია სამხედრო შეტევა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე", რაც იწვევს "უზარმაზარ ადამიანურ მსხვერპლს, საფრთხეს უქმნის ეკონომიკასა და უსაფრთხოებას და მიიყვანს ჩვენს ქვეყანას სრულ საერთაშორისო იზოლაციამდე".
"საბაბი, რომლითაც მოხდა "სპეციალური ოპერაციის" წამოწყება, მთლიანად რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ იყო შექმნილი და ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ ეს ომი ჩვენი სახელით აწარმოონ", - აცხადებენ რუსი ხელოვანები.