რუსეთის მიმართ სანქციები დაწესებულია ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით, საქართველოსა და რუსეთს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, ძალიან დიდი ხანია, შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა, ანუ აკრძალვები, რასაც ახლა იღებს ბევრი ქვეყანა, საქართველოში უკვე მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, არის კიდევ დამატებითი შეზღუდვები, რაც უბრალოდ რუსეთს კი არ მიაყენებს ზიანს, არამედ მხოლოდ საქართველოს.
„საქართველო დგას უკრაინის გვერდით. უკრაინის გვერდით იდგა 2014-შიც. დგას ახლაც, ისე, როგორც უკრაინა იდგა ყოველთვის საქართველოს გვერდით. გავიხსენებ 1992-1993 და 2008 წლებს. როგორც 1992-1993 წლებში იბრძოდნენ უკრაინელი მებრძოლები ქართველების გვერდით, ისე დღესაც ძალიან ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინელების გვერდით. ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც მაშინ გაგვიწია უკრაინამ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სწორედ უკრაინელების ვერტმფრენებით მოხერხდა კოდორის ხეობიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა. ასევე სწორედ 2014 წელს, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო საქართველო, რომელმაც ძალიან დიდი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას.
რაც შეეხება სანქციებთან შეერთებას, დაწესებულია სანქციები რუსეთის მიმართ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით და საქართველო შეუერთდა ამას. საქართველოსა და რუსეთს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობა, ძალიან დიდი ხანია, შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა, რასაც ახლა აკეთებს ზოგიერთი ქვეყანა. რუსეთის მხრიდან ცალმხრივად აკრძალულია მათი მოქალაქეებისთვის სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთა, ანუ ბევრი აკრძალვა, რასაც ახლა იღებს ბევრი ქვეყანა, საქართველოში უკვე მოქმედებს, თუმცა არის კიდევ დამატებითი შეზღუდვები, რაც უბრალოდ რუსეთს კი არ მიაყენებს ზიანს, არამედ მხოლოდ საქართველოს და ბუნებრივია, ასეთ შეზღუდვებს, ვიდრე შევუერთდებით, უნდა ვიფიქროთ, ხომ არ იქნება ეს ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან ცუდი. იმასაც გეტყვით, რომ როდესაც ლაპარაკია სანქციებზე, ამავდროულად, ჩვეულებრივად მიეწოდება ევროპის ყველა სახელმწიფოს რუსული გაზი და ნავთობპროდუქტები, როგორც უკრაინის გავლით, ისე „ჩრდილოეთი ნაკადი 1“-ის გავლით. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ შეჩერდა. აქაც საუბარია იმაზე, როგორც დასავლეთის სახელმწიფოები იღებენ ყველა ზომას, რადგან მაქსიმალურად დაიცვან თავისი მოქალაქეები, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს ძალიან დიდი ვალდებულება, დაიცვას საქართველო და მოქალაქეები. მით უმეტეს, ჩვენ ვართ ისეთ რეგიონში, სადაც ერთ მოუზომავ ნაბიჯს შეიძლება, ღია აგრესია მოჰყვეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.