კანადა უმკაცრეს სანქციებს დაუწესებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მისი ადმინისტრაციის უფროსსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ადამიანებს, რომლებსაც ეკისრებათ უდიდესი პასუხისმგებლობა უკრაინაში მომხდარ სიკვდილსა და ნგრევაზე, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო „ფეისბუქზე“ წერს.
„ჩვენ ასევე დავაწესებთ სანქციებს ბელარუსსა და მის ლიდერებზე, პრეზიდენტ პუტინის შეჭრის ხელშეწყობის გამო. ეს სანქციები გამიზნული იქნება 57 პირზე. გარდა ამისა, დამატებით არის ათობით არსებული სანქცია, რომლებიც უკვე დაწესებულია ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ“, – აცხადებს ტრუდო.
კანადის პრემიერის თქმით, გარდა ამისა, კანადა მხარს უჭერს რუსეთის ამოღებას SWIFT გადახდის სისტემიდან.
„ეს შეესაბამება ჩვენს ვალდებულებას, დავაკისროთ დიდი ხარჯები რუსეთს, რაც კიდევ უფრო გაურთულებს პრეზიდენტ პუტინს თავისი სისასტიკის დაფინანსებას“, – წერს ტრუდო.