ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ ნატო სწრაფი რეაგირების ძალებს (NRF) გააქტიურებს.
ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები (NATO Response Force, NRF) 40 00 სამხედროსგან შედგება.
სტოლტენბერგის განცხადებით, "ალიანსი გააკეთებს ყველაფერს მისი მოკავშირეების, მათ შორის უკრაინისა და ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დასაცავად".
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, აშკარაა, რომ რუსეთის მიზნები მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება.
"ის ჩვენი უსაფრთხოებისთვის რეალური გამოწვევაა. უპირისპირდება ჩვენი უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და მოითხოვს ნატოს ძალების და ინფრასტრუქტურის გაყვანას ჩვენი წევრები თითქმის ნახევრიდან", - თქვა სტოლტენბერგმა.
"ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და სწორედ ამიტომ, კოლექტიური თავდაცვის კონტექსტში, ისტორიაში პირველად ვააქტიურებთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს", - დასძინა მან.
ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების გააქტიურება არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებული შტატების ან ნატოს სხვა რომელიმე ქვეყნის სამხედროები უკრაინაში ჩავლენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე აღნიშნა, რომ აშშ-ს ჯარები განლაგდებიან აღმოსავლეთ ევროპაში, რათა დაეხმარონ ნატოს წევრ ქვეყნებს.
ნატოს მოკავშირეთა უმაღლესი სარდლის, გენერალ ტოდ უოლტერსის თქმით, გააქტიურებულია მრავალეროვნული ძალები, რომელიც შედგება მოკავშირეების სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური საოპერაციო ძალებისგან, რომლებსაც შეუძლიათ, სწრაფად განლაგდნენ ალიანსის მხარდასაჭერად.