უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ვადიმ დენისენკოს განცხადებით, კიევის დასაცავად დედაქალაქი უკრაინის არმიის სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები შევიდნენ.
მისივე თქმით, დედაქალაქის დაცვაში მონაწილეობას ათასობით მოხალისეც მიიღეს. მინისტრის თქმით, მოხალისეებზე 18 ათასი ავტომატია გაცემული.
დენისენკომ მოუწოდა მოქალაქეებს, სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველი ფოტოები არ გამოაქვეყნონ სოციალურ ქსელებში,
ამავდროულად, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დედაქალაქში ვითარება რთულია და კიევი თავდაცვის ფაზაშია გადასული. მისი განცხადებით, მტერს კიევის განადგურება და დაჩოქება სურს.
"ქალაქი გადავიდა თავდაცვის ფაზაში. ახლა ზოგიერთ რაიონში ისმის სროლები და აფეთქებები. უკრაინელი სამხედროები ანეიტრალებენ რუსების დივერსიულ ჯგუფებს. სამწუხაროდ, ამ დივერსიული ჯგუფების ნაწილმა უკვე შეაღწია კიევში. მტერს სურს დედაქალაქი დააჩოქოს და დაანგრიოს", - თქვა კლიჩკომ.
"უკრაინის არმია უზრუნველყოფს თავდაცვას კიევის გარშემო. სიტუაცია რთულია. მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი შეიარაღებული ძალების. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვეხმარებით“, - დასძინა მან.
მერმა მიმართა კიევის, განსაკუთრებით ობოლონსკის რაიონის მოსახლეობას, თხოვნით, არ დატოვონ თავიანთი სახლები და თავშესაფრები.
"გააკეთეთ წყლის, საკვებისა და აუცილებელი ნივთების მარაგები, მოამზადეთ თბილი ტანსაცმელი, საბნები, რომ წაიღოთ თავშესაფარში", - ურჩია მან.
კიევის მეტროსადგურებში თავშესაფრებია მოწყობილი. მოსალოდნელ რუსულ თავდასხმას მოსახლეობა თავშესაფრებში ემალება. კიევში გამოცხადებულია კომენდანტის საათი. მედიის ცნობით, კიევის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის შესასვლელებთან თავდაცვითი ნაგებობები აღმართეს.
დასავლეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები დედაქალაქის ხელში ჩაგდებას ესწრაფვიან, რაც გაუადვილებს შემდეგში, უკრაინის კანონიერი მთავრობის დამხობას.