შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, პუტინს უკრაინის მთავრობის დამხობა აქვს განზრახული.
"მოსკოვის გეგმაა, საფრთხე შეუქმნას კიევს, თავს დაესხას მას და სხვა დიდ ქალაქებს", - თქვა ბლინკენმა ABC-თან ინტერვიუში.
"ჩვენ ვხედავთ ძალებს, რომლებიც მოდიან ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და ეს ყველაფერი იმ გეგმის ნაწილია, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს ბოლო კვირების განმავლობაში ვუხსნიდით", - განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, უკრაინის დემოკრატია და დამოუკიდებლობა აუცილებად გაიმარჯვებს.
"მოკლე, საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის დემოკრატია და დამოუკიდებლობა გაიმარჯვებს", - დასძინა ბლინკენმა.
ცოტა ხნით ადრე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც განასახიერებს უკრაინელი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებსა და ამბიციებს, "რუსული აგრესიის მთავარ სამიზნედ რჩება".
თავად ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა, რომ ის და მისი ოჯახი მტრის მთავარი სამიზნეა. 25 თებერვალს გავრცელებულ მიმართვაში მან განაცხადა, რომ კიევში იმყოფება, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ზუსტ ადგილმდებარეობას ვერ იტყვის.
უკრაინის დედაქალაქზე რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას სარაკეტო შეტევა განახორციელეს. არსებული ინფორმაციით, კიევში, ტროეშინის რაიონში 6 აფეთქება მოხდა. აფეთქებების ხმა ისმოდა დედაქალაქის პეჩერსკის და გოლოსევსკის რაიონებში, პოზნიაკიში. შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშენკოს ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნა ბალისტიკური რაკეტები.