უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად 57 უკრაინელი დაიღუპა და 169 დაშავდა.
უწყების ცნობით, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას.
ამავდროულად, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალებმა საავადმყოფოებსა და სამედიცინო მუშაკებს ცეცხლი გაუხსნეს.
კიევში გამოცხადებულია კომენდანტის საათი. მედიის ცნობით, კიევის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის შესასვლელებთან თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს.
რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან მალევე, უკრაინამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. მალევე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა.
24 თებერვალს, გამთენიისას ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მანამდე, მან უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.