არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ევროკავშირმა რუსეთი SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან გათიშოს. იტყობინება CNN ევროკავშირის წყაროებზე დაყრდნობით.
SWIFT-ი საერთაშორისო გადახდების ქსელი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ათასობით ფინანსურ ინსტიტუტს მსოფლიოს მასშტაბით.
ამ სისტემიდან რუსეთის გათიშვა ფინანსური ინსტუტიტებისთვის შეუძლებელს გახდის გადახდების წარმოებას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ამ ნაბიჯს შეუძლია რეალური ზიანი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას.
როგორც იუწყებიან, ამ დროისთვის ევროკავშირში ყველა არ ეთანხმება SWIFT-იდან რუსეთის გათიშვის იდეას.
CNN-ის წყაროები აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის უფსკრულია. პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა დაჟინებით მოითხოვენ რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას.
რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აქვს, ამის წინააღმდეგია. წყაროების ინფორმაციით, ეს ქვეყნები არიან გერმანია, იტალია, უნგრეთი და კვიპროსი. თუმცა, წყაროს არ დაუკონკრეტებია, არის თუ არა სრული ეს სია.
ევროკავშირის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა თქვა, რომ მსჯელობა გრძელდება, მაგრამ სავარაუდოდ, ეკონომიკური ინტერესები გაიმარჯვებს კამათში და ბრიუსელი არ გაწყვეტს რუსეთს SWIFT-იდან.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა მოითხოვა.
„ამ მხრივ დიპლომატიური არ ვიქნები. ყველას, ვინც ახლა ეჭვობს, უნდა გათიშონ თუ არა რუსეთი SWIFT-იდან, უნდა ესმოდეს, რომ უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალებისა და ბავშვების სისხლი მათ ხელებზე იქნება. გათიშეთ რუსეთი SWIFT-იდან“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.