რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა მიაღწიეს მიზნებს, რომლებიც დასახული იყო უკრაინაში შეჭრის პირველ დღეს.
"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ჯარების ჯგუფებისთვის ამ დღისთვის დაკისრებული ყველა დავალება წარმატებით დასრულდა", - განაცხადა იგორ კონაშენკოვმა.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 74 სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს, მათ შორის 11 აეროდრომი და საზღვაო ბაზა.
ცოტა ხნით ადრე, უკრაინულმა მედია გაავრცელა ცნობას იმის თაობაზე, რომ რუსმა აგრესორებმა ხელში ჩაიგდეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და კიევთან ახლოს მდებარე გოსტომელის აეროპორტი.
კიევში გამოცხადებულია კომენდანტის საათი. მედიის ცნობით, კიევის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქის შესასვლელებთან თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს.
რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან მალევე, უკრაინამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია. მალევე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის, რუსეთის სარაკეტო იერიშებს 40-ზე მეტი სამხედრო ემსხვერპლა. დაღუპულია ათამდე მშვიდობიანი მოქალაქე.
24 თებერვალს, გამთენიისას ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მანამდე, მან უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.