შეერთებულ შტატებში ფიქრობენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა მიმართულია უკრაინის ხელისუფლების დამხობისა და რუსული მმართველობის დამყარებისკენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, განაცხადა. იუწყება სააგენტო Reuters.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ რუსეთის შეტევის სამი ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთი მიმართულია კიევის წინააღმდეგ.
"ჩვენი შეფასებით, მათ აქვთ განზრახული ფაქტობრივად დაამხონ ხელისუფლება და თავისი მმართველობა დაამყარონ", - განაცხადა მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს გააკეთებს განცხადებას და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს. ბაიდენი ასევე აპირებს უკრაინას თავდაცვის გაძლიერებისთვის დამატებითი იარაღის გადასცეს.
ცოტა ხნის წინ, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, ბელარუსში მყოფი რუსული ჯარები კიევისკენ მიემართებიან.