ევროკავშირი მაქსიმალურად გაურთულებს კრემლს უკრაინაში თავისი აგრესიული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა,
ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ბრიუსელში ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი "რუსეთს პასუხს აგებინებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღმაშფოთებელი დარღვევისთვის".
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ მასიური და მიზანმიმართული სანქციების პაკეტს დღეს გამოაქვეყნებს.
"პაკეტი მოიცავს ფინანსურ სანქციებს, რომლებიც მკაცრად შეზღუდავს რუსეთის წვდომას კაპიტალის ბაზრებზე და ძირს გამოუთხრის რუსეთის ეკონომიკურ ზრდას", - თქვა მან.
ამავდროულად, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, შეიზღუდება რუსეთის ხელისაწვდომობა კრიტიკულად აუცილებელი ტექნოლოგიებისადმი, რათა მოწყვიტოს რუსეთის ინდუსტრია მის განსავითარებლად საჭირო პროდუქციას.
"ჩვენი ზომები შეასუსტებს რუსეთის ტექნოლოგიურ პოზიციებს საკვანძო სფეროებში, საიდანაც ელიტა იღებს ყველაზე მეტ ფულს. ეს ასევე სერიოზულად გააუარესებს რუსეთის ეკონომიკას ყველა სფეროში. ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: პრეზიდენტ პუტინს მოუწევს ამის ახსნა თავისი მოქალაქეებისთვის. მე ვიცი, რომ რუს ხალხს არ სურს ეს ომი", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ბრიუსელი გაყინავს რუსულ აქტივებს ევროკავშირში და შეაჩერებს რუსული ბანკების წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზარზე.
"ეს ზომები სერიოზულ გავლენას მოახდენს რუსეთზე, გაზრდის კაპიტალის გადინებას, გაზრდის ინფლაციას და თანდათან გაანადგურებს მის ინდუსტრიას", - თქვა მან.
"კრემლმა იცის, რომ ევროპის ერთიანობა ჩვენი საუკეთესო ძალაა", - თქვა მან და დასძინა, რომ "სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ჩვენს გაყოფას".
"მათ ზუსტად საპირისპიროს მიაღწიეს. ჩვენ უფრო ერთიანები და მტკიცენი ვართ, ვიდრე ოდესმე", - დასძინა მან.