ჩინეთი უარს ამბობს რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის დაგმობაზე და დაძაბულობის გაღვივებაში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.
CNN-ის ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრესსპიკერმა თავი აარიდა ჟურნალისტების მიერ დასმულ 11 შეკითვას, არღვევდა თუ არა რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
ჩინელმა პრესსპიკერმა, ნაცვლად აგრესორის ქმედებების დაგმობისა, მხარეებს "თავშეკავებისკენ მოუწოდა".
ამავე დროს, მან განაცხადა, რომ ჩინეთი რუსული ხორბლის იმპორტს დაიწყებს, რათა შეამსუბუქოს დასავლეთის სანქციების წნეხი რუსეთის ეკონომიკაზე.
ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, განიხილავს თუ არა პეკინი რუსეთის ქმედებებს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრად, პრესსპიკერმა თქვა: „შეპყრობილი ხართ ამ კითხვით?".
"შეგიძლიათ ეს შეერთებულ შტატებს ჰკითხოთ. ისინი აგრძელებენ ხანძრის გაღვივებას... შეგიძლიათ ჰკითხოთ, აქვთ თუ არა რაიმე გეგმები ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით", - დასძინა პრესსპიკერმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით, დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე.