ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
დიპლომატები მკაცრად გმობენ რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო შეჭრას და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევის მოწოდებით გამოდიან.
"ჩვენ, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ღია ფართომასშტაბურ აგრესიას დამოუკიდებელი, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ. აგრესიის ეს აქტი მიუღებელია. ეს საერთაშორისო სამართლის, ყველა საერთაშორისო ნორმის აშკარა დარღვევაა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულია, რომელსაც ჩვენ ვგმობთ. ყველა ჩვენგანმა უნდა დაგმოს ეს რაც შეიძლება მკაცრად. რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს, მათ შორის რუსეთის გათიშვა SWIFT-ის სისტემიდან და მისი პოლიტიკური იზოლაცია. ჩვენი მხარდაჭერა დამოუკიდებელი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე უნდა იყოს. სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ უკრაინელ ხალხს იარაღი, საბრძოლო მასალა და ნებისმიერი სხვა სახის სამხედრო მხარდაჭერა, ასევე ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური დახმარება და მხარდაჭერა, ჰუმანიტარული დახმარება. ამ რთულ მომენტში ჩვენ ერთიანად ვდგავართ უკრაინელ ხალხთან. ძვირფასო უკრაინელ მეგობრებო, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა აგრესორმა გადაიხადოს მაქსიმალური ფასი. დიდება უკრაინას!“ - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით, დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე.