მშვიდობა ჩვენს კონტინენტზე დაირღვა - ამ სიტყვებით დაიწყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმე იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საგანგებო პრესკონფერენცია.
მისი თქმით, ახლა ევროპაში ისეთი სახის და მასშტაბის ომი მიმდინარეობს, როგორზედაც "ვფიქრობდით, რომ უკვე ისტორიას ჩაჰბარდა".
"მძიმე დრო უდგას ევროპას. უკრაინაში რუსეთის შეჭრა აურაცხელი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს აყენებს საფრთხის ქვეშ", - თქვა სტოლტენბერგმა და რუსეთს ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდა.
"კრემლის ზრახვები მსოფლიოსთვის ნათელია. ეს არის მიზანმიმართული, ცივსისხლიანი და დიდი ხნის განმავლობაში დაგეგმილი თავდასხმა", - დასძინა მან.
ამავდროულად, სტოლტენბერგმა გააფრთხილა რუსეთი, რომ ნატოს ერთ-ერთ მოკავშირეზე თავდასხმა, ალიანსის საპასუხო რეაგირებას გამოიწვევს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით, დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე.