უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ მარიუპოლზე კონტროლი აღადგინეს.
მისივე განცხადებით, უკრაინის არმია მტერს მძლავრ წინააღმდეგობას უწევს.
"ჩერნიგოვის რაიონში მტრის წინსვლა შევაჩერეთ. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ხარკოვის მიმართულებით. ხარკოვის შემოვლით გზაზე დამპყრობლების 4 ტანკი დაიწვა. ჩვენმა ძალებმა სრული კონტროლი აღადგინეს ქალაქ მარიუპოლსა და შჩასტიეზე. განადგურდა სულ მცირე 6 თვითმფრინავი, 2 შვეულმფრენი და მოწინააღმდეგის ათობით ჯავშანმანქანა. შჩასტიას რაიონში 50-მდე რუსი დამპყრობელი გავანადგურეთ. რთვული ვითარებაა ხერსონის მიმართულებითაც, თუმცა ჩვენი ძალები აგრესორს უკუაგდებენ. მტერი მძიმე დანაკარგს განიცდის, წინ გამარჯვებისკენ“, - აცხადებს გენერალი ზალუჟნი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით, დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე.