უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა.
მისი თქმით, დაშავებულია კიდევ ათობით ადამიანი. მისივე თქმით, "რამდენადაც მისთვის ცნობილია, დაღუპულები არიან სამოქალაქო პირებიც, დაახლოებით ათამდე".
არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის არმია მტკიცე წინააღმდეგობას უწევს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დღეს დილით, დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. 24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის არმია თავს დაესხა უკრაინას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის ჯარებმა განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები ბორისპოლის, ოზერნის, კულბაკინოს, ჩუგუევის, კრამატორსკის, ჩერნობაევკას აეროდრომებზე, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე.