რუსეთის მიზანი მხოლოდ უკრაინა არ არის, ის თვს ესხმის ევროპის სტაბილურობას და საერთაშორისო წესრიგს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები რიგგარეშე სამიტს გამართავენ, რათა რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრესი სანქციები დაამტკიცონ.
„რუსეთის მიზანი მხოლოდ დონბასი, მხოლოდ უკრაინა არ არის, რუსეთი თავს ესხმის სტაბილურობას ევროპაში და მთელ საერთაშორიოს წესრიგს. ამიტომ დღეს ვეროკავშირის ქვეყნების ლიდერებს წარვუდგენთ რუსეთის საწინააღმდეგო ფართომასშტაბიან სანქციებს“, - განაცხადა მან. აღნიშნული სანქციები რუსეთის ეკონომიკის დიდ ნაწილს მოიცავს.
„ამ სანქციებით დარტყმას მივაყენებთ რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ დარგებს, დავბლოკავთ წვდომას ტექნოლოგიებთან და ბაზრებთან, რომლებიც რუსეთისთვის მნიშვნელოვანია. შევასუსტებთ რუსეთის ეკონომიკის საფუძველს და მისი მოდერნიზების შესაძლებლობას“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისივე თქმით, ევროკაშირი დაბლოკავს რუსეთის სახელმწიფო აქტივებს საზღვარგარეთ. „ჩვენ გავყინავთ რუსულ აქტივებს ევროკავშირში და შევუწყვეტთ წვდომას რუსულ ბანკებს ფინანსურ ბაზრებზე“, - განაცხადა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს იქნება ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, ბრიტანეთის, იაპონიის, ავსტრალიისა და სხვების კოორდინირებული გადაწყვეტილება.
„ჩვენ ვიცით, რომ მილიონობით რუსს არ სურს ომი. მაგრამ პუტინი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთის ხალხს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აქტიურად გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის ფინანსურ დახმარებასაც რუსული აგრესიის შესაჩერებლად.