სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის შეფასებით, საქართველო ძლიერდება და მტერი მის დაყოფას ტყუილად ცდილობს.
ამის შესახებ უწმინდესმა დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, წირვის შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.
"მიუხედავად იმისა, რომ ასე ყოყოჩობს და ამაყობს ბოროტება მსოფლიოში, იგი დამარცხებულია, რადგან ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის სიკეთე.
ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველო დაეცემა, რომ დანაწევრდება. წმინდა გიორგი თავისი ღვაწლით, წმინდა ნინო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მფარველობენ საქართველოს და ღმერთი ამთლიანებს საქართველოს. სულ ტყუილად ფიქრობს მტერი ჩვენი, რომ შეუძლია საქართველოს დაყოფა", - აღნიშნა უწმინდესმა.
ქადაგების დასრულების შემდეგ, ილია მეორემ მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.