სანქციების ამბავი იქნება თუ სხვა რამე, დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებით უნდა გავაკეთოთ, აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. მისი განმარტებით, საქართველო მოვლენებს განვითარებას უნდა დააკვირდეს.
"რაღაცნაირად ვიყოთ შეთანხმებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მათთან ერთად უნდა ვიმოძრაოთ. სანქციების ამბავი იქნება თუ სხვა რამე, დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებით უნდა გავაკეთოთ. ამავე დროს, რა საშუალებაც გვექნება, დასავლელ პარტნიორებს უნდა მოვუწოდოთ, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაიცვან. მთავარი ამოცანა უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი პოზიცია გასაგები იყოს დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ დასავლეთი ვალდებულია უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაიცვას. ახლა უკრაინაზე თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი გადის, შემდეგი ხაზი სად გავა, ეს ზუსტად არავინ იცის, საქართველოზე, ბალტიისპირეთზე თუ სხვაგან. თავისუფლებისმოყვარე ადამიანების ვალდებულებაა უკრაინელ ხალხს უგულშემატკივროს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.