"ნაციონალური მოძრაობა" 5 მარტს, თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას აანონსებს. ამის შესახებ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მელიას განცხადებით, პარტიის ცენტრალური საკითხი არის მიხეილ სააკაშვილს სიცოცხლის გადარჩენა. მისივე თქმით, ამისთვის ერთადერთი გზა მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ, საზღვარგარეთ გადაყვანაა.
როგორც მელია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, რასაც სხვადასხვა კონსილიუმის წევრებიც ადასტურებენ.
"ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა ტიპის საპროტესტო აქტივობები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და შემდეგ, 5 მარტს, 5 საათზე, ყველას ვინც თვლის, რომ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს, გელოდებით რუსთაველის გამზირზე", - ამბობს ნიკა მელია.
მიხეილ სააკაშვილმა 21 თებერვალს უვადო შიმშილობა გამოაცხადა. მესამე პრეზიდენტი ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას ითხოვს.