გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს ადამიანების სიცოცხლით თამაში.
"რუსეთის ხელისუფლების ეს თამაში მშვიდობიან მოსახლეობასთან, ოკუპირებულ ტერიტორიების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებთან, არის უპასუხისმგებლო. მე მკაცრად მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, რუსეთის პრეზიდენტს, ნუ ითამაშებს ადამიანების სიცოცხლით", - თქვა ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.
ბერბოკმა აღნიშნა, რომ ადამიანებს უკრაინაში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, აქვთ მშვიდობიანი ცხოვრების უფლება. მან შეშფოთება გამოთქვა ბოლო დღეებში, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის არაერთი დარღვევის გამო.
"მხოლოდ დაბომბვა არ მიმდინარეობს. ხალხის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან წყალმომარაგება და ელექტროენერგია სხვადასხვა ადგილას შეფერხებულია. ამაზე პასუხისმგებელი რუსეთის მთავრობაა", - თქვა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპა კარგად ხედავს, რა ხდება რეალურად უკრაინასა და რუსეთში, რა პროვოკაციებს ახორციელებენ და რა ყალბ ამბებს ავრცელებენ.
"თავს მოტყუების უფლებას ვერ მივცემთ", - დასძინა მან.
ამავდროულად, ბერბოკი მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივას, რომელიც ცდილობს მოაწყოს ახალი სამიტი აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შორის.
"კატეგორიულად მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, დაუბრუნდით მოლაპარაკების მაგიდას! ეს თქვენს ხელშია. ჩვენ ყოველ საათსა და წუთს მაგიდასთან ვსხედვართ. ჩვენ გელოდებით, რათა ერთობლივად ვიზრუნოთ უკრაინაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე", - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ძალების მასშტაბური კონცენტრაციის ფონზე, დონბასში დაძაბულობა 17 თებერვალს გაღვივდა. საკონტაქტო ხაზთან ცეცხლის გახსნის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. სეპარატისტული ლუგანსკისა და დონეცკის ლიდერებმა ბავშვების, ქალებისა და მოხუცების რუსეთში ევაკუაცია დაიწყეს და მამაკაცების სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს.
რუსეთის ხელისუფლება და მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე აცხადებენ, რომ უკრაინა, კიევის კონტროლს მიღმა ტერიტორიებზე, თავდასხმისთვის ემზადება. კიევი კატეგორიულად უარყოფს თავდასხმის განზრახვას.