უკრაინის ხელისუფლების მოწოდებებს რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციების დაწესების თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა.
"სანქციების მიზანი, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რომ რუსეთმა არ დაიწყოს ომი. თუ პრევენციულ სანქციებს გამოვიყენებთ, მაშინ მათი შემაკავებელი ეფექტი დაიკარგება", - განაცხადა ბლინკენმა კვირას, 20 თებერვალს, CNN-ის ეთერში.
ამავდროულად, სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მოვლენების დინამიკა, სხვათა შორის რუსეთ-ბელორუსული წვრთნების გახანგრძლივება,"ცხადჰყოფს, რომ სიტუაცია ძალიან სერიოზულია".
"ყველაფერი რასაც ახლა ვხედავთ, მიანიშნებს, რომ სიტუაცია ძალინ სერიოზულია და ჩვენ შეჭრის ზღვარზე ვიმყოფებით. გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია, რომ ეს არ დავუშვათ", - თქვა ბლინკენმა. ამასთან, მან დასძინა, რომ დასავლეთი მზადაა იმ სცენარისთვის, თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.
"ჩვენ გვჯერა, რომ პუტინმა თავის მხრივ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ სანამ ტანკები არ დაიძვრებიან და თვითმფრინავები არ აფრინდებიან, ყველა წუთს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დიპლომატიის საშუალებით შევაჩეროთ პუტინი", - აღნიშნა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მზად არის ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ნებისმიერ ფორმატში, თუ ეს ხელს შეუწყობს ომის თავიდან აცილებას და რომ აშშ გააგრძელებს ძალისხმევას, რათა დაარწმუნოს მოსკოვი, უარი თქვას უკრაინაში შეჭრაზე.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოუწოდეს დასავლეთის ქვეყნებს, დააწესონ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების ნაწილი მაინც, ვიდრე მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება.
ფოტო: AFP