საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის უსაფრათხოების კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას ამ ურთულეს და კრიტიკულ მომენტში. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არსებული მხარდაჭერის და კონსოლიდაციის მნიშვნელობას იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ვითარების დეესკალაცია და თავიდან იყოს აცილებული ინტერვენცია. ამ კუთხით, აღინიშნა ის მძიმე გამოცდილება, რაც უკრაინასა და საქართველოს აქვთ შეიარაღებული კონფრონტაციის და რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაციის სახით. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ერთიანი პოზიციის და საერთო მხარდაჭერის მნიშვნელობას გავლენათა სფეროების გადანაწილების დაუშვებლობასა და ქვეყნების სუვერენული არჩევანის პრინციპის ურყეობასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მჭიდრო კოორდინაციას, როგორც ორმხრივ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ურთიერთმხადაჭერის და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს უკრაინისადმი გამოხატული სოლიდარობისთვის.