საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მე-200 საჯარო სკოლის 100-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
მინისტრთან ერთად მოსწავლეებს მსახიობი დუტა სხირტლაძე და პოპულარული გადაცემის ,,ვანოს შოუს'' წამყვანი ვანო ჯავახიშვილი ესტუმრნენ. სტუმრებს ბავშვებმა თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს და რამდენიმე საკონცერტო ნომერი წარმოუდგინეს.
,,მე ბედნიერი ვარ, რომ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს საშუალება მომეცა ამ ბავშვებთან მოვსულიყავი და პირადად მიმელოცა მათთვის. ინკლუზიური განათლება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მთვარია ამ ბავშვებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ'' - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
მე-200 სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 137 მოსწავლე სწავლობს, მათგან 110 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს. დიდი უმრავლესობა არდადეგების დღეებსაც სკოლა-პანსიონში ატარებს. სკოლაში სწავლობენ ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური პრობლემების მქონე ბავშვები.