შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამ დროისთვის დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკვე მიიღო უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება და ეს შესაძლოა უახლოეს დღეებში განხორციელდეს. ამის შესახებ ბაიდენმა 18 თებერვალს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები გეგმავენ და აპირებენ უკრაინაზე თავდასხმას უახლოეს კვირაში, უახლოეს დღეებში", - განაცხადა მან.
ბაიდენის თქმით, რუსეთის სამიზნეთა შორის შესაძლოა იყოს უკრაინის დედაქალაქი კიევი.
ამავდროულად, ბაიდენმა დასძინა, რომ ჯერ კიდევ რჩება სივრცე, კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის.
ბაიდენის თქმით, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა იგეგმება 24 თებერვალს, ევროპაში. თუმცა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დიპლომატიური შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურება.
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს დეზინფორმაციის გავრცელებას, რათა უკრაინაში შეჭრას ცრუ გამართლება მოუძებნოს.
მისივე თქმით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესდება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა არ იგეგმება, თუმცა აშშ და მოკავშირეები დაიცავენ ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.