უკრაინის ირგვლივ მზარდი დაძაბულობის ფონზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს, მოკავშირეებთან ერთად განიხილოს შემდგომი ნაბიჯები.
თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ბაიდენი ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს 18 თებერვალს გაესაუბრება. მსჯელობის მთავარი საგანი უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების გაძლიერება და შემდგომი დიპლომატიური ძალისხმევა იქნება.
ონლაინშეხვედრას დაესწრებიან კანადის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის ლიდერები, ისევე როგორც ევროკავშირისა და ნატოს მეთაურები.
მომავალი კვირის განმავლობაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ევროპაში შეხვედრას გეგმავს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, შეხვედრის ინიციატივით ვაშინგტონი გამოვიდა, რადგან მიაჩნიათ, რომ "ამ კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა დიპლომატია და დიალოგია".
17 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატების ცნობით, რუსული ჯარები "უახლოეს დღეებში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადებიან".
ამავდროულად, ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთი ომის დაწყების საბაბის შესაქმნელად შესაძლოა სხვადასხვა პროვოკაციის განხორციელებას გეგმავდეს. მან მოუწოდა რუსეთის მთავრობას, "ყოველგვარი ორაზროვნებისა და წინაპირობის გარეშე განაცხადოს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება".