გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო დუმის მოთხოვნა, ლუგანსკის და დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარების შესახებ, ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს.
ტრასის თქმით, რუსეთის დუმის ეს მოთხოვნა ნათლად მეტყველებს სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული ვალდებულებების უხეშ უგულვებელყოფაზე.
"თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ეს იქნება უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე შემდგომი თავდასხმა, მინსკის პროცესის დასრულების სიგნალი და იმის დემონსტრირება, რომ რუსეთმა დიალოგის ნაცვლად, კონფრონტაციის გზა აირჩია", - თქვა ლიზ ტრასმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელსაც თავადვე მოაწერა ხელი, მათ შორის მინსკის შეთანხმებებს.
შეგახსენებთ, რუსეთის დუმამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსმა კანონმდებლებმა მოუწოდეს პუტინს, აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა.
ამავდროულად, უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება, რითაც მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არ ცნონ სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა.
დასავლეთმა მკაცრად დაგმო რუსეთის დუმის რეზოლუცია და მოუწოდა პუტინს, არ გაითვალისწინოს დეპუტატების მოთხოვნა.