საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე არსებული ქართულ კულტურულ და რელიგიურ ძეგლებზე განხორციელებული ვანდალური ქმედებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
გრიგოლ ვაშაძის უწყებას ეჭვი აქვს, რომ კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის საფარქვეშ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება განხორციელდება.
"აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც მიზნად ისახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის კვალის განადგურებას. ნიშანდობლივია, რომ რუსეთის ფედერაციის ამგვარი ქმედებები სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ნაკისრ ისეთ ძირითად ვალდებულებას, როგორიცაა შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული საკუთრების დაცვის ჰააგის 1954 წლის კონვენცია, რომელიც მის წევრ სახელწიფოებს ავალდებულებს თავიდან აიცილოს ისტორიული ძეგლების ხელყოფა და განადგურება, ხოლო ოკუპაციის პირობებში - გაატაროს შესაბამისი ზომები ძეგლთა დაცვის მიზნით", - ნათქვამია საგარეო უწყების სპეციალურ განცხადებაში.
აღნიშნულ კონტექსტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (UNESCO) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათP ხელთ არსებული საშუალებები, რათა შეაჩერონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში განლაგებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი თავლსაჩინო ძეგლის, მე-11 საუკუნის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაობის შედეგად, სრულიად დაირღვა ძეგლის ავთენტურობა. ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი თავისებურებების მოშლა რუსულ ყაიდაზე მისი გადაკეთების გამო. ტაძარს დააშენეს რუსული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ე.წ. "ხახვისთავიანი" გუმბათი. ტაძრის გარე ფასადი, მათ შორის აღმოსავლეთ კედელი, სადაც განთავსებულია ქართული დამწერლობით შესრულებული ხუთი ლაპიდარული წარწერა თეთრადაა გადაღებილი, თაღები კი წითლადაა შეღებილი. ტაძარს დამატებული აქვს ქართული არქიტექტურისათვის სრულიად უცხო სხვადასხვა რელიეფური ელემენტებიც.
გარდა ამისა,Eე.წ. სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ახალი ათონის მონასტერშიც. აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დაგეგმილია ტენდერის გამოცხადება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ტაძრების სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად. ამასთანავე, იგეგმება რუსული ფონდების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო პირთა მხრიდან ძეგლების რეაბილიტაციაზე მიმართული ძალისხმევის მეტი კოორდინაციის უზრუნველყოფა. ისეთი უკანონო შეთანხმებები, როგორიცაა 16 ოქტომბერს ხელმოწერილი "აფხაზეთის რესპუბლიკის" კულტურის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს შორის კულტურული და ისტორიული ძეგლების სახელმწიფო დაცვის, შესწავლისა და პოპულარიზაციის სფეროში შეთანხმება და 25 ოქტომბერს გაფორმებული ანალოგიური დოკუმენტი ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმსა და რუსეთს შორის, წარმოდგენს ასეთი სამუშაოების განხორციელების საფუძველს.